კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი შემოდგომაზე გაიხსნება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონში მე-20 მშენებარე საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი ბექა ნაცვლიშვილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 900 კვ.მ მიწის ფართობზე ორსართულიანი, არასტანდარტული შენობის მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ეტაპზე შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ფასადის მოწყობა მიმდინარეობს. ბაგა-ბაღში შეიქმნება აღსაზრდელთა 6 ჯგუფი. მთლიანობაში, ბაღი 250 ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.
2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად კრწანისის #21-ში მდებარე მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა და ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსი მძიმედ დაზიანდა. ბაღმა სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ სახლში გააგრძელა.
იმავე ადგილზე საცხოვრებელი კორპუსისა და საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობების ერთად აშენების ვალდებულება სხვადასხვა წლებში რამდენიმე კომპანიამ აიღო. თუმცა, ვალდებულება ვერ შესრულდა, რადგან საცხოვრებელი კორპუსი, თბილისის მერიის სასარგებლოდ, იპოთეკის ხელშეკრულებით იყო დატვირთული.
თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მშენებელ კომპანიას მიეცა თანხმობა ცალკეული ფართების ვალდებულებებისა და იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე, იმ პირობით, რომ მათი რეალიზაციით მიღებული თანხებით უზრუნველყოფილი იქნებოდა ბაგა-ბაღის მშენებლობის დასრულება.
„ეს ტერიტორია დაყადაღებული იყო და ვერ ხორციელდებოდა ბაღის მშენებლობა. როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, შევისწავლეთ მდგომარეობა და თებერვალში დავიწყეთ მშენებლობა. პროცესი შემოდგომაზე დასრულდება. პარალელურად, ახალი ინვენტარით აღიჭურვება და 250 აღსაზრდელისათვის განკუთვნილი ბაღი ჩაბარდება მოსახლეობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში შემოდგომაზე შევა.
თბილისში, მე-20 ბაღის ჩათვლით, 6 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები