ექსკლუზივი: გურამ ოდიშარია – სანამ წონაში არ დავიკლებ, სამსახურში არ გავალ!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარიაკვირასშვებულებაში გასვლის მიზეზებზე ესქსკლუზიურად ესაუბრა. როგორც ოდიშარიამ განმარტა, გადაღლილობისა და ჭარბი წონის გამო მან ჯერ კიდევ შარშან  გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობა და რამდენიმე დღით ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადაწყვიტა

ბატონო გურამ, უკვე მერამდენედ სოციალურ ქსელებსა და რიგ მედისაშუალებაში თქვენი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. სად იმყოფებით ამჟამად, რჩებით თუ არა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე?

– დიახ ვრჩები, მე არსად წავსულვარ.  წავედი, რომ  რამდენიმე დღით დავისვენო. შარშან არ მისარგებლია ჩემი შვებულებით, შარშანწინ არჩევნები იყო, მერე უწყვეტად ვმუშაობდით და ახლა გავედი, რომ ცოტა დავისვენო. ყველაფერი რიგზეა. ბულაჩაურში ვარ და ხვალ თბილისში ვიქნები.

ბატონო გურამ, როდის აპირებთ სამსახურში დაბრუნებას?

– მე ერთთვიანი შვებულება მეკუთვნოდა, 11 აპრილისთვის მიწევს სამსახურში გასვლა, მაგრამ შესაძლოა ადრე გავიდე. ერთი ათი დღე მაინც მინდა, რომ დავისვენო, უნდა გამოვიძინო, თორემ ღამის 12 საათამდე სამსახურში ვარ ხოლმე.  ვუთხარი პრემიერს, რომ ცოტა გადაღლილი ვარ, ცოტა ჯანმრთელობასაც უნდა მივხედო – ფეხი და, მეგობრულად გეტყვით, ბოლო დროს ცოტა ჭარბი წონაც მაწუხებს, ვერ მოვიცალე ჩემი თავისთვის. ჰოდა, სანამ არ დავიკლებ წონაში, არ გავალ სამსახურში. კულტურის მინისტრი ხომ უნდა ჰგავდეს კულტურის მინისტრს? მინისტრი უნდა იყოს მშვიდად, რომ ხელი შეაშველოს ქვეყნის სიმშვიდეს და წინსვლას. როცა მინისტრი დაძაბულია, საქმეც არ გამოდის.

ბატონო გურამ, მაშინ, როდესაც თქვენი წასვლის შესახებ დაიწერა, საზოგადოებამ ეს პრემიერმინისტრს დაუკავშირა. დამდგარა თუ არა დღის წესრიგში თქვენი თანამდებობაზე ყოფნაარყოფნის საკითხი და თუ მიგიღიათ შენიშვნა ირაკლი ღარიბაშვილისგან?

– ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. პრემიერისგან არანაირი შენიშვნა არ მიმიღია. ირაკლი არის ახალგაზრდა პრემიერი, რომელსაც გვერდით უნდა ამოვუდგე. მე და ირაკლის დიდი გზა გვაქვს ერთად გამოვლილი, არჩევნები და ასე შემდეგ. ძალიან პატივს ვცემ მას და შვილივით მიყვარს. ჩვენ – ყველანი მას  გვერდით ვუდგავართ  და ყველა რთულ საკითხს ერთად ვწყვეტთ. ჩემი შესაძლო წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები