„შავ ბაზარზე“ სუპერთასის ბილეთების გამოჩენასთან კავშირი შესაძლოა, ზვიად სიჭინავასაც აქვს“

გაზეთი „ახალი თაობა“ ე.წ. შავ ბაზარზე დეფიციტური ბილეთების გამოჩენის შესახებ სტატიას აქვეყენებს, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერში ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბაზარზე „ვიპ-ლოჟების“ ბილეთებიც იყიდება, რომელმაც ფედერაციიდან „გაჟონა“.

„ალბათ ყველას გახსოვთ, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები როგორ იყიდებოდა და გულშემატკივრებმა ლამის ერთმანეთი რომ დახოცეს. მაშინ ითქვა, რომ ბილეთების რიგში ბევრი გადამყიდველიც იყო, ადამიანი, რომელსაც ნაყიდი ბილეთის ოცმაგ ფასში გაყიდვა სურდა, მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა – ოცმაგ ფასში ბილეთები ცხელ გულზე იყიდებოდა, თორემ ახლა „შავ ბაზარზე“ ათმაგადაც შესაძლებელია ყიდვა. პარალელურად, საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ ზედ თამაშის დღეს, კატალონიიდან ჩამოსული გულშემატკივრები ბილეთში ათას ევროსაც მარტივად გადაიხდიან, თუმცა…

სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ბილეთები არა მარტო გადამყიდველების (ანუ იმ ხალხის, ვინც რიგში იდგა) ხელში მოხვდა, არამედ ბილეთებმა ფედერაციიდანაც „გაჟონა“. სწორედ რომ გაჟონა, რადგან „შავ ბაზარზე“ ე.წ. ვიპ-ლოჯების ბილეთების შოვნაც შეიძლება, თუმცა მათი ფასი 2000 დოლარზე მეტია.

კულუარებში ამბობენ, რომ ამ საქმით პროკურატურაც არის დაინტერესებული და კვალი არც მეტი, არც ნაკლები, ფედერაციის პრეზიდენტისკენ მიდის. რამდენად გარისკავდა ზვიად სიჭინავა ბილეთების „მოტეხვას“ და „შავ ბაზარზე“ დაყრას, სხვა საკითხია, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენად იყო შესაძლებელი მის გარეშე ბილეთების „შავ ბაზარზე“ მოხვედრა, თავად განსაჯეთ.

სიჭინავა წინააღმდეგი არ არის, ამ მიმართულებით გამოძიებაც ჩატარდეს, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, თავადვე მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ამბავმა მშვიდად ჩაიაროს. ისიც ითქვა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შემოტევა სიჭინავამ ასი ბილეთის „ჩუქებით“ მოიგერია, თუმცა ოფიციალურ დონეზე ამის მტკიცება გამოძიების გარეშე ალბათ ძნელია.

ამ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სუპერთასის ერთ-ერთმა მონაწილე „სევილიამ“ 2700 ბილეთი უკან დააბრუნა, ვერ ვასაღებთ, გულშემატკივარს საქართველო ეშორება და ეძვირებაო. სად გაქრა ეს 2700 ბილეთი, რატომ არ გამოვიდა ქსელში, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სისხლის ფასად გაყიდული ბილეთები „შავ ბაზარზე“ ძალიან ჭარბად არის და როგორი დასაჯერებელია, რომ ლამის ერთკვირიან რიგში მხოლოდ გადამყიდველები იდგნენ?!“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები