სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებს, შეჩერებულ საარსებო შემწეობებს აუნაზღაურებს

სოციალური დახმარების ახალ სისტემაში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ანალიზის შედეგად ახალ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რაც გამოსწორდება.
სოფრომაძის ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების გარკვეულ ნაწილს აზარალებს, რისი გამოსწორებაც, სავარაუდოდ, 1 აგვისტოდან დაიწყება. მისი განცხადებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებს, შეჩერებულ საარსებო შემწეობებს აუნაზღაურებს.
“სოციალური დახმარების ახალი სისტემა საპიოლოტე რეჟიმში  მაისის თვიდან ამუშავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახალ სიტემაზე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. ახალი სისტემა, ძირითადად, ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც ჩვენი პარტნიორის გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ახალი სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების გარკვეულ ნაწილს აზარალებს. იმისთვის, რომ ეს თავიდან იქნას აცილებული, იდენტიფიცირებული იქნა პროგრამის სუსტი წერტილები და შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც განიხილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და დამტკიცების შემთხვევაში, 1 აგვისტოდან შევა ძალაში. ახალი ცვლილებების შედეგად გაიზრდება პენსიონერის შეფასების კრიტერიუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ აღვუდგინოთ დახმარება იმ პირებს, რომლებსაც დროებით შეუჩერდათ ეს დახმარება, იმ პირებს, რომლებიც იმსახურებენ ამ დახმარებას. უფრო მეტიც, სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს, იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები