„რეფორმების ახალგაზრდული საბჭო“ იწყება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ინოვაციური პროექტი: „რეფორმების ახალგაზრდული საბჭო“ იწყება.
როგორც “კვირას” პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს პროექტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
“25 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ (მის: შავთელის ქუჩა #13) გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან საქართვველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, სტუდენტური თვითმმართველობების და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ითვალისწინებს სამინისტროებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან რეფორმების ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბებას.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ახალგაზრდების ინიციატივების წახალისებას და მათ პროფესიულ განვითარებას.
პირველ ეტაპზე პროექტი განხორციელდება თბილისში და შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია რეფორმების საბჭოების ჩამოყალიბება საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები