პარლამენტში აკაკი ბობოხიძესა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტების განხილვა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.
უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძესა და უმრავლესობის წევრ გუბაზ სანიკიძეს შორის კამათი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსა და კარასინი-აბაშიძის ფორმატს მოჰყვა.
კერძოდ, აკაკი ბობოხიძემ თავის გამოსვლაში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ რბილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და გუბაზ სანიკიძეს მიმართა.
ბობოხიძის თქმით, საქართველო რუსეთთან ომში არ უნდა იყოს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს საქართველოს დანებებას რუსეთთან მიმართებით.
“თქვენი პრობლემა ისაა, რომ ხალხს ორ ალტერნატივას სთავაზობთ: ომი ან დანებება. არა, ბატონო! არავინ აყენებს საკითხს ისე, რომ ომი უნდა იყოს. ოღონდ ის, რომ არ იყოს ომი, ბატონო გუბაზ, არ ნიშნავს იმას, რომ იყოს დანებება. არის სხვა გზები, არის სხვა მეთოდები. ბატონო გუბაზ, თქვენი გამოსვლა საფრთხის შემცველი იყო. როცა თქვენ ამბობთ, რომ რუსებმა ბანერები ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში გადმოწიეს, თქვენ მათ ეუბნებით, რომ დღეს თუ სადმე არ არის ბანერი გადმოტანილი, თქვენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში შეგიძლიათ თავისუფლად გადმოხვიდეთ, რადგან თურმე თქვენ ამას განიხილავთ, როგორც კანონით რუსების მოქმედ ტერიტორიას. დიახ, ბატონო გუბაზ, ჩვენ დისკოთეკებითაც ვცდილობდით ოსებთან დაახლოებას და თქვენგან განსხვავებით ჩვენ ოსებთან ვცდილობდით და არა, კრემლში, პუტინის წინაშე”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის ამ გამოსვლას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ტაში, უმრავლესობის, კერძოდ, გუბაზ სანიკიძის მხრიდან კი, ხმაური და ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.