ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს.
ამის შესახებ ექსპრემიერმა “გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. “მე ვთვლი, რომ უკეთესია, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, მე მქონდა შენიშვნები თავის დროზე, როცა პრემიერი ვიყავი. ყველასთანაც შეიძლება მქონდა რაღაც ტიპის შენიშვნები. იდეალური კიდევ, მოგახსენებთ, არც მე არ მაქვს პრეტენზია და არც ნურავის ნუ ექნება, არავინ არ არის იდეალური, ყველას გვეშლება, მაგრამ ზოგად სწორებას ყველანი ახერხებდნენ, სწორებას, რაც გვინდოდა ჩვენ, შეძლების ფარგლებში ყველა ახერხებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უკეთესი პარლამენტი, უნდა იყოს მეტი პროფესიონალი. ვინც შედის იქ, სწორედ კანონის წარმოებაზე უნდა იმუშაოს და არა ის, რომ ძალიან ბევრი იქ მოსაწყენად ზის და არ იციან, რა ქნან.
მაგრამ ეს არ არის მათი ბრალი, ეს იყო საერთო სიტუაცია, იყო საერთო მოთხოვნილება და იმ შესაძლებლობიდან, იმ რეალობიდან, რაც მაშინ არსებობდა, მე მქონდა გარკვეული წვლილი და მე ვიმართლებ, თუ გნებავთ, თავს, რომ მე მეტი ვერ შევძელი და ჩვენმა საზოგადოებამაც მეტი ვერ შეძლო. მე ყველას მადლიერებით მოვიხსენიებ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს „ისევ ბატონი“ენატრება“.
“საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისევ ბატონი ენატრება, ვეროპელობას ვიჩემებთ, მაგრამ ჩვენ ბევრი საფეხური გასავლელი გვაქვს, მენტალურად ძალიან ბევრი რამე უნდა შევცვალოთ, რომ არ ეწყინოს საზოგადოების რაღაც ნაწილს. ისევ ბიზნესს მივადგები, ბიზნესმენების ძალიან ბევრი რაოდენობა დღესაც ელოდება, რომ როგორმე ძალიან ახლო ურთიერთობა მიიღოს გავლენიან პირებთან, ეს პრობლემაა. ეს ყველაფერი იმსხვრევა, ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები