ხიდაშელი უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცებზე: ისინი არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აზრით, უკრაინაში დაღუპული ქართველი ყოფილი ჯარისკაცები სამხედრო პატივით უნდა დაიკრძალონ.
ამის შესახებ ხიდაშელმა რადიო “თავისუფლების” ეთერში განაცხადა. “თუ ისინი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეომრები, მაშინ ისინი სამხედრო პატივით უნდა დაიკრძალონ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც იბრძვიან, ეს იქნება, ალბათ, სხვა ტიპის ღონისძიება. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, აზრი თუ გაინტერესებთ, ისინი ყველანი არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიციაა, რომ ყველა ჯარისკაცი, რომელიც მანამდე მსახურობდა ქართულ ჯარში, ღმერთმა დაიფაროს, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს, მაგრამ თუ იყო, დაიკრძალება სამხედრო პატივით”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრის შეფასებით, ეს არის ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის ამბავი.