ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ დეპუტატებთან შესახვედრად მზადაა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები მას არ დაუფინანსებია. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ივანიშვილმა მათი გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა და დასძინა, რომ მათ, გვიან, მაგრამ გააცნობიერეს ის, რომ მათი ქვეყანა საქართველოა და არა სააკაშვილი.
იგი არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელ გოგა ხაჩიძესთან, ზურა ჯაფარიძესთან და „ნაციონალებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან შესახვედრად მზადაა.
მისივე თქმით, “ნაციონალები” ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ და მათ არანაირი პერსპექტივა არა აქვთ.
„მენტალურ ძალადობაზე გადავიდნენ, ამას ვერ გადაეჩვიენ“,- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის კრიტიკას აზრი აღარ აქვს. გამოცემასთან საუბრისას ივანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ქართული ოცნების” იდეოლოგია არ იცის. ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა ზონდერებზე, თანამდებობაზე მყოფ “ნაციონალებზე”, პროკურატურაზე ისაუბრა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები და განმარტებები ითხოვა.