“ჯანდაცვის რეფორმა ჰუმანიზებული და სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს”

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. აღნიშნული რეფორმა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხარჯზე ავადობის შემცირებას გულისხმობს.
ფსიქოლოგი და გენდერის მკვლევარი, ნანა ბერეკაშვილი მიიჩნევს რომ ჯანდაცვის რეფორმა მეტად ჰუმანიზებული და სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს:
“ხშირად საზოგადოების გარკვეულ ფენას, განსაკუთრებით კი პენსიონერებს, უჭირთ ახლად დანერგილი სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. მახსენდება წამლების რეცეპტით გაცემის რეგულირების საკითხი. ხშირად ვხედავდი პენიონერებს აფთიაქში, რომლებიც დაბნეულები იყვნენ და ვერ ერკვეოდნენ ამ სისტემაში. ზოგმა კი ისიც არ იცის, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. შეიძლება ჩემი მოსაზრება ზედმეტად კონსერვატიული გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ოჯახის ექიმს ოჯახთან მართლაც სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა და თითოეული ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია, მაშინ ეს რგოლი ძლიერი იყო. ახლა ოჯახის ექიმს, პირადად მე, თითქმის არ მივმართავ. ოჯახის ექიმმა ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია უნდა იცოდეს და არ უნდა იგებდეს მის მდგომარეობას ადგილზე, ერთხელ მისვლით. პროფილური საკითხების წინ წამოწევასთან ერთად სათანადო ყურადღება თუ მოსახლეობის სწორად ინფორმირებასაც მიექცევა, ეს საქმეს წაადგება“, – მიაჩნია ნანა ბერეკაშვილს.
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასთან დაკავსირებით, ბერეკაშვილს დადებით ფაქტორად მიაჩნია ის, რომ მოსახლეობას სერვისების მიმწოდებლებს (პოლიკნინიკები, კლინიკები, საავადმყოფოები, ჰოსპიტალები) შორის თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს, თუმცა, მთავარი ყველგან ხარისხია და არა რაოდენობა. „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა რომ მოსახლეობაზე მორგებული პროგრამაა, თავისთავად ცხადია. ხშირად მსმენია, რომ აკრიტიკებენ ამ პროგრამას, რადგან მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირ სერვისს სთავაზობს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მდიდარი პირობითი ცნებაა. ათი ათასობით ღირებულების ოპერაციას საშუალო ანაზღაურების მქონე ადამიანიც ვერ გაიკეთებს. შესაბამისად, საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ არსებულმა პროგრამამ თავისი როლი კარგად შეასრულა“, – აღნიშნა ნანა ბერეკაშვილმა.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმების პარალელურად განხორციელდება. რეფორმის განხორციელებაში სამინისტროს კონსულტაციებს საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები