პარლამენტმა „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტის შემოღების შესახებ ნანუაშვილის წინადადება დაამტკიცა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებით მიმართა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ინსტიტუტის შემოღებას ეხებოდა.
როგორც „კვირას“ სახალხო დამცველია აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის წინადადება პარლამენტმა გაითვალისწინა და 2015 წლის 3 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს 161-ე მუხლი დაემატა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სახალხო დამცველს, არამედ ნებისმიერ პირს, საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება.
„სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში წარმატებით მოქმედებს, აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. „სასამართლოს მეგობარი“ წარადგენს ნორმატიული ან ფაქტობრივი ხასიათის ინფორმაციას, რომლის მიზანია სასამართლოს დაეხმაროს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში.
„სასამართლოს მეგობარი“ არ არის არც პროცესის მხარე და არც მესამე პირი. ამავდროულად, მოსაზრების წარდგენის მიზანს არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის მხარდაჭერა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, სადაც პროცესის მხარე არის სახელმწიფო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველსა და საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება საკუთარი მოსაზრება წარუდგინოს სასამართლოს. „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი ხელს შეუწყობს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებას, რადგან სასამართლო უფრო მეტ წყაროს დაეყრდნობა. ამასთანავე, იგი გაზრდის საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ ნდობის ხარისხს. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს და მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად გამოიყენოს „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი“,- აღნიშნულია განცხადებაში.