ნოდარ კერესელიძე ბელორუსიის დელეგაციას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელორუსიის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი საწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციისა და კონცერნ „ბელგოსპიშჩეპრომის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა.
ნოდარ კერესელიძემ დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.
მისივე განცხადებით, ბელორუსიის რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კონკრეტული საკითხების განხილვის ეტაპია.
„საქართველოს აქვს პოტენციალი, საკუთარი პროდუქციით საკუთარი ადგილი დაიკავოს ბელორუსიის რესპუბლიკის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა როგორც ერთობლივი წარმოების შექმნის, ასევე ექსპორტის ზრდისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ბელორუსიის მხარემ ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის ზრდის ტენდეციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ბელორუსიის წარმოების მარცვლეულის მოსავლის ამღები კომბაინის „КЗС-5“-ის გამოცდის ორგანიზების საკითხებიც განიხილება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები