საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შეხლა-შემოხლა დეპუტატ შოთა ართმელაძის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხილვას მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით მჟავანაძემ დასვა კითხვა, იღებდა თუ არა „ქართული ოცნება“ დეპუტატ ართმელაძის საქმეზე პასუხიმგებლობას, რაზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ასე უპასუხეს: იღებდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში ათეულობით დაჭერილი გამგებლის საქმიანობაზე.
„მე მქონდა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, იღებდა თუ არა “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შოთა ართმელაძის კონკრეტულ ქმედებაზე. ამას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი. უმრავლესობის წევრი დეპუტატები ცდილობდნენ, რომ არ გამომეთქვა ჩემი აზრი და არ დამესვა შეკითხვა. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება”, – განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ.
მომხდარის გამო სხდომა რამდენიმე ხნით გადაიდო, შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.