„სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანები გაიმიჯნა ქვეყნის შიგნით დამნაშავეობასთან ბრძოლის ამოცანებისაგან, ეს კარგია და მნიშვნელოვანია“

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიესალმება. როგორც ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, იმასთან შედარებით. რაც საქართველოს აქამდე ჰქონდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
„იმასთან შედარებით, რაც აქამდე გვქონდა, ეს, წინგადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანები გაიმიჯნა ქვეყნის შიგნით დამნაშავეობასთან ბრძოლის ამოცანებისაგან, ეს კარგია და მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ტექნიკური გაყოფა. ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანებიც და, ზოგადად, დამნაშავეებთან ბრძოლის ფორმატიც არსობრივად გადახედვას მოითხოვს. ამ აუცილებლობის წინაშე ჩვენ უახლოეს პერიოდში დავდგებით“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარჩემაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანებში აუცილებლად დადგება გამოძიების გადააზრების საკითხი, გამოძიების, როგორც საპროცესო ინსტიტუტის და მისი ორგანიზაციული მოწყობის საკითხი. ყოფილი მინისტრის განცხადებით, დღეს გამოძიებას პრაქტიკულად მტკიცებულებების შეფასების ფუნქცია აღარ გააჩნია, ეს მთლიანად პროკურორების კისერზეა გადასული და გამომძიებელი პრაქტიკულად მტკიცებულებების შემგროვებელია.
„ჩემი აზრით, სასამართლოები მალე დააყენებენ გამოძიების ახალ სტანდარტს, რომელი სტანდარტისთვისაც, ჩემი აზრით, საგამოძიებო ორგანოები შეიძლება მზად ვერ აღმოჩნდნენ. გამომძიება და გამომძიებელი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. დღეს გამოძიებას პრაქტიკულად მტკიცებულებების შეფასების ფუნქცია აღარ გააჩნია, ეს მთლიანად პროკურორების კისერზეა გადასული და გამომძიებელი პრაქტიკულად მტკიცებულებების შემგროვებელია. მას ხეირიანად მისი აღმოჩენა – დამაგრების უფლებაც არ გააჩნია. აუცილებელია გამომძიებელი იყოს დამოუკიდებელი საპროცესო სუბიექტი, რომელსაც როგორც მტკიცებულებების აღმოჩენის, ასევე მისი დამაგრების და შეფასების უფლება ექნება“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები