„ქალთა კვოტირების თემა ხელოვნურად წამოწეულია”
საქართველოს პარლამენტში დეპუტატ ნანა ყეინიშვილის მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას – პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღების საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ დოგრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
უფლებადამცველის განცხადებით, ქალთა კვოტირების თემა, სექსუალური და რელიგიური უმცირესობის პრობლემების მსგავსად, ხელოვნურად აგორებული თემაა, იმ რეალურ პრობლემებზე კი, რომელიც მართლა არსებობს ქვეყანაში, მისი თქმით, აქცენტების გაკეთება ნაკლებად ხდება.
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ პოლიტიკაში ქალების მეტი რაოდენობით ყოფნას მიესალმება, თუმცა დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ხელოვნურად იყოს განსაზღვრული.
„ცდილობენ, შექმნან ისეთი საკანონმდებლო ბერკეტი, რაც დაავალდებულებს პარტიებს, პროპორციული სიების 50% ქალბატონებით დააკომპლექტონ.
საკანონმდებლო წინადადების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს პოლიტიკოსი მამაკაცები საშუალებას და ასპარეზს არ აძლევენ ქალებს, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ ასპარეზზე და მაღალი თანამდებობები დაიკავონ. ისეთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, განათლების მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალბატონები არიან, ღიმილის მომგვრელია, ეს საკითხი პრობლემად წარმოვაჩინოთ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკაში მეტი ქალბატონის ყოფნას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ხელოვნურად არ უნდა განვსაზღვროთ. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, სადაც ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. უნდა იყოს წარმოდგენილი იმდენი ქალბატონი, რამდენი რესურსიც არის ქვეყანაში და ამის დოგმა, რომ მომავალ მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატს შორის მინიმუმ 38 ქალი უნდა იყოს, არ იქნება მართებული. წარმომადგენლობით ორგანოებში მთავარი არ არის ქალებისა და მამაკაცების პროცენტული შედარება, აქ მთავარია, ჩვენ გვყავდეს მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე დეპუტატები. ის, რომ საქართველოში ბევრი განათლებული ქალბატონია, არასერიოზული მიდგომაა, დიახ, ბევრი განათლებული ქალბატონიცაა და მამაკაციც. ადამიანი შეიძლება იყოს განათლებული, შეიძლება იყოს კარგი პედაგოგი, ჟურნალისტი ან ეკონომისტი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კანონშემოქმედებითი პიროვნება, იყოს ძალიან სუსტი. ამიტომ ვეწინააღმდეგებით ამის ხელოვნურად განსაზღვრას. ეს ბუნებრივი პროცესია და უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც არის. საქართველოში დღეს არ დგას გენდერული თანასწორობის პრობლემა, ქალი არ იჩაგრება და მას აქვს საშუალება, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. არც ის პრობლემა დგას, რომ თითქოს რელიგიური ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იჩაგრებიან. ის პრობლემებია წარმოჩენილი, რომელიც არ დგას ქვეყანაში. ქვეყანაში დგას დემოგრაფიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური პრობლემა დგას. ამ პრობლემებისგან განსხვავებით, სექსუალური უმცირესობების დაცვისგან, არ მინახავს დისკუსიები. ეს კვოტირების თემა ხელოვნურად წამოწეულია, ცალკეული ქალბატონების ამბიციებს სახელმწიფოს ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ“,- განაცხადა თინათინ დოგრაშვილმა.
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წარმომადგენლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დათვურ სამსახურს უწევს ჩვენს საზოგადოებას, რადგან მოსახლეობას უმრავლესობად და უმცირესობებად, ქალებად და მამაკაცებად, დაჩაგრულებად და მჩაგვრელებად, დასაცავებად და უფლებების დამრღვევებად ყოფენ. მისი თქმით, საზოგადოების ასეთი დაყოფა, დახლეჩვა საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს.