გომელაური უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოსკოვში წასვლას ჭორს უწოდებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოსკოვში წასვლასა და და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აბსურდს უწოდებს.
ამის შესახებ მან უმცირესობის დეპუტატის გიორგი ბარამიძის კითხვის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“გავრცელდა ჭორი, რომ თანამშრომელმა გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მსგავსი რაღაც. ამას, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ და ეს აბსურდია. თუნდაც მართლაც რომ მომხდარიყო, მე მგონი, ჩვენ ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ, ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა, ამის ლაპარაკი პირდაპირ ეთერში არ შეიძლება”, – განაცხადა ბარამიძის მისამართით გომელაურმა და აქვე, დასძინა, რომ აღნიშნული პიროვნება არსად არ წასულა და თბილისში იმყოფება.
“რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არ გადასულა, მაგრამ ვამბობ, რომც გადასულიყო, გადავიდა, გავაგზავნეთ თუ რა მოხდა, არ მგონია ამ დონეზე საუბარი ღია ეთერში შეიძლება. ჩვენ დახურულ რეჟიმში დავჯდეთ და ვისაუბროთ, თუმცა ღია ეთერში ვფიქრობ, არ შეიძლება ამაზე საუბარი”, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსი მოსკოვში ოკუპირებული ტერიტორიის გავლით წავიდა და მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაიტანა.