ვახტანგ გომელაური: საგუშაგოები ოკუპირებულ ტერიტორიებთან არათუ გაუქმდა, დაემატა კიდეც

საგუშაგოები ოკუპირებულ ტერიტორიებთან არათუ გაუქმდა, დაემატა კიდეც, – აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. აღნიშნულით ის “ნაციონალების” იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ გაუქმებული და შემცირებულია პოლიციის საგუშაგოები.
როგორც გომალაურმა განმარტა, სამწუხაროა, რომ ამ თემით მანიპულირება ხდება.
“შეგვიძლია გამოვითხოვოთ, რა საგუშაგოები იყო, რომელი დანაყოფები იყო და დღეს რა დანაყოფებია, რა მდგომარეობაში იყვნენ ის ბიჭები და დღეს რა მდგომარეობაში არიან, თუნდაც. არაფერი არ გაუქმდა, პირიქით, თუ არ დაემატა. მე მზად ვარ, თუ მოთხოვნა იქნება კომიტეტიდან, დღესვე მოგაწოდოთ, რა იყო 2012 წლამდე, რომელი საგუშაგოები იყო და დღეს რა არის. არაფერი არ მოხსნილა. პირიქით, მე მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ თუ არ გაძლიერდა, იქ არაფერი არ მოხსნილა”, – განაცხადა გომელაურმა.
გომელაური ასევე გამოეხმაურა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ჩამოგდებას.
“მე ვიყავი 2 წელზე მეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ზუსტად ამ მიმართულებას ვკურირებდი. ფეხით მაქვს გავლილი როგორც აფხაზეთის მიმართულება, ასევე ოსეთის მიმართულება. ასეთი ათეულობით ბანერი დგას  იქ, თუმცა, რატომღაც არავინ მივარდნილა და არ დაუნგრევია იქ ეს ბანერი. რა თქმა უნდა, სწორია, არ შეიძლება ჩვენ მათ პროვოკაციაზე ავყვეთ.  რაც პროვოკაციაზე მოგვივიდა, სამწუხაროდ,  ჩვენ 2008 წელს ვნახეთ”, -აღნიშნა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები