ოთარ ჩრდილელმა გია ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – “არ მინდა, შენთან ერთად ჰაერსაც ვსუნთქავდე”
„გია, საერთოდ არ მინდა, რომ შენთან ერთად ჰაერსაც ვსუნთქავდე“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა კოლეგას უმცირესობიდან გია ბარამიძეს.
ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გია ბარამიძეს კითხვის დასმის ფორმა დაუწუნა და მას წარსული შეახსენა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოთარ ჩრდილელის განცხადებას გია ბარამიძე უსიტყვოდ უსმენდა. „მართალია სამართალი ურმით დადის და ყველას კარზე მივაო, გია ბარამიძე, ადამიანი, რომელიც იყო შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, პიროვნება არის ჩამოყალიბებული, კითხვის დასმასაც ხომ თავისი ფორმა აქვს, გია ხომ შეიძლება კითხვა ადამიანურად დასვა, აი ეს ღვარძლი რა საჭიროა, ახალგაზრდა კაცი ხარ, ცხოვრება ხომ გინდა არა?! მესმის, რომ პოლიტიკოსი ხარ, მე ბავშვი ვიყავი, შენ ჯერ კიდევ პოლიტიკოსი იყავი, რაღაცა შინაგანი – „მე“ ხომ გაქვს, კაცობა ხომ გაქვს?! ადამიანობა ხომ გაქვს?! ჩემს კაცობაზე არ არის საუბარი. გია, მე და შენ გავიდეთ ერთად ქალაქში, რომელ ქალაქსაც დაადებ ხელს, რომელ უბანსაც დაადებ ხელს, შენი თითით საჩვენებელი აქ არავინ არ არის… თქვენი წარსული კარგად მოიკითხეთ, თქვენ მეგობრის პატივისცემა არ იცით, თქვენ გარდაცვლილის პატივისცემა არ იცით, სახელმწიფო სტრუქტურა თქვენნაირი სისტემის ხალხით იყო გაჟღენთილი. გია, მე შენთან პიროვნული საერთო არაფერი არა მაქვს, საერთოდ არ მინდა, რომ შენთან ერთად ჰაერსაც ვსუნთქავდე, მეტსააც იმსახურებ, მაგრამ ამჯერად ასე გავჩერდეთ“, – აღნიშნა ოთარ ჩრდილელმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.