ვახტნგ გომელაური: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენა პრიორიტეტული მიმართულება იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანების, გეგმების, სადაზვერვო შესაძლებლობების და ოპერაციების გამოვლენასა და აღკვეთას ასახელებს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ზუსტ და დროულ ინფორმირებულობას, რაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
“პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტუქტურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო რგოლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენცია, მათი საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია, ასევე ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, სიახლეს წარმოადგენს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება. მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო საიდუმლოების კუთხით უსაფრთხოების მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცვას, მათ წინააღმდგ მიმართული სადაზვერვო, შესაძლო დივერსიული საქმიანობის, ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას და აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები