“უსაფრთხოების სამსახური არ არის იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა”
ვახტან გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განმარტა, სხვაობას საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცული სამსახურის ხელმძღვანელი და გარე კონტროლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებები.
“განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ჩვენს ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საპარლამენტო კონტროლის მოქნილი მექანიზმის საშუალებით, სამსახურის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებს და იხელმძღვანელებს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნების გათვალისწინებით. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმოადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ ეხება არც საარჩევნო და არც მთავრობის უფლებამოსილების ვადები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დაკისრებული მოვალეობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანებულია კონტრდაზვერვისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები. მისივე თქმით, აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასასმელია ის გარემობაც, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია შიდა და საგარეო დაზვერვა. უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ შიდა დაზვერვის განხორციელება ეკისრება.