ბიძინა ივანიშვილი: რეალურად, უმუშევრობა იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკა წერს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობის უმუშევრობის დონე იმაზე მაღალია, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა “გურია News”-სთან ინტერვიუში განაცხადა, ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით არაკორექტული იყო, თუმცა მის მიერ გაკეთებული განცხადება გადასამოწმებელი აქვს.
მისი თქმით, შეუძლებელია, ეკონომიკური აღმასვლა მესამე წელს ყველა მოსახლეობის ჯიბეს დაეტყოს.
„თურმე მითქვამს სადღაც და, რა თქმა უნდა, არაკორექტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რამდენადაც შეუძლებელია, მესამე წელიწადს ეკონომიკური აღმასვლა ყველა მოსახლეობის ჯიბეს დააჩნდეს. რეალურად, უმუშევრობა იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკა წერს. დასაქმებულების ძალიან დიდი რაოდენობა ვერ ღებულობს ღირსეულ შემოსავალს. მათი შემოსავალი ძალიან მწირია, უნდა იყოს სხვა დონის შემოსავლები, მე ვთქვი, რომ მესამე წელი ყველას ჯიბეს დაეტყობა. ეს წამოცდენაა, არ არის გააზრებული. ასე შეიძლება პრინციპში ინტერვიუს დროს რაღაც მოხდეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვთქვი. ისიც გადასამოწმებელი მაქვს. „ტაბულამ“ აღმოაჩინა და ვერ მოვიცალე, რომ გადავამოწმო, იმდენად ჩემი არაა. კარგად ვიცი, რასაც ვამბობდი, ეკონომიკა მე ვიცი, ვიცი რა დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენ ევროპული ტიპის ეკონომიკა მივიღოთ “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საჭიროს ამისთვის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის კონკურენტუნარიანი ბაზარი, გამართული კანონმდებლობა, სტაბილური პოლიტიკა და ეკონომიკააა საჭირო. ასევე, ივანიშვილის თქმით, კერძო საკუთრება უნდა იყოს დაცული.
“პირველსავე წელს ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბიზნესში მთავრობის ხელების ფათური შეწყდა მყისიერად, კონკურენტუნარიანია ბაზარი და პრივილეგირებული ბიზნესმენები არ არსებობენ. მთავრობა ვალდებულია და ხედავთ, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაზრების მოპოვებაში დაეხმაროს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დააჩქაროს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, არიან თუ არა მოქმედი მთავრობის პირობებში პრივილეგირებული ბიზნესმენები, ივანიშვილის განცხადებით, მას ამის შესახებ თუ სმენია, შესაბამისი რეაქციაც ჰქონია.
„თუ მსმენია, რეაქცია გამიკეთებია. თუ იყო რაღაც შეკითხვები, მასში მეც ჩავრთულვარ. შავლიაშვილის თემა ჯერჯერობით არსაიდან დასტურდება. გარკვეული კითხვები იყო ჯანყარაშვილზე და ღარიბაშვილმა დასკვნები გააკეთა“, – აღნიშნა ექსპრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – გააკეთა თუ გააკეთებინეთ, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ „ადამიანი ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებს“.
ივანიშვილი განმარტავს, რომ მას ამისი ბერკეტი არ აქვს.
„ძალით როგორ გააკეთებინებ. საკუთარ შვილს ვერ გააკეთებინებ, ჩემი პატარა – ცოტნე, ათი წლისაა და იმას ვერ გააკეთებინებ ძალით ვერაფერს. სხვას როგორ გააკეთებინებ? მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი, ოპოზიცია ხშირად შფოთავს, რომ ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას კულისებიდან და ღარიბაშვილი არის მარიონეტი, შეურაცხმყოფელ სიტყვას იყენებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ მოვმართო, მე არ მაქვს არავითარი ბერკეტი, ,გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მხარი არ დავუჭირო და საჯაროდ წავიდე მის წინააღმდეგ“, – განმარტა ყოფილმა პრემიერმა.