უმაღლესი რადას დეპუტატმა სააკაშვილი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ბორის ფილატოვი ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოთი დაემუქრა და ის ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებასა და პოლიტიკურ მაქინაციებში დაადანაშაულა. ბორის ფილატოვი ცნობილი უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის თანაგუნდელია, მასსა და სააკაშვილს შორის ბოლო დროს კონფლიქტი სულ უფრო მწვავე ხდება.
„შენ პასუხს აგებ იმაზე, რომ მე ბანდიტი მიწოდე. მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. ყველას მოვუყვები, რატომ გაგაგდეს საკუთარი ქვეყნიდან – ეს მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისთვის, გაუპატიურებული პატიმრებისთვის და შენი გატაცების გამო ფსიქოტროპული საშუალებებით, რომლებიც გონებას აღაგზნებს“, – დაწერა დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. კონფლიქტი სააკაშვილსა და ფილატოვს შორის რამდენიმე დღის წინ ქალაქ ჩერნიგოვში მოხდა. სააკაშვილმა ფილატოვი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.