„ჩვენ სამუდამოდ გავაჩერეთ ის მანქანები, რომლებიც წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო სამსახურის ავტოპარკი და ოფისი გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკში განთავსებული მანქანები კატეგორიების მიხედვითაა დიფერენცირებული და განკუთვნილია არასრულწლოვანი ქალი და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის.
თანამედროვე სტანდარტების რეანომობილები სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების დროულ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ანტივანდალური საკნებითა და შესაბამისად, თვითდაზიანების პრევენციის მექანიზმითაა აღჭურვილი.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახლად შეძენილი მსჯავრდებულთა გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვქმნით შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ მსჯავრდებულმაც ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და თანამშრომელსაც მიეცეს იმის საშუალება, ეფექტურად და წარმატებით შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საბადრაგო სამმართველოს ახალაშენებული შენობა და განახლებული, ევროპული სტანდარტების ავტოპარკი. ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერ საბჭოურსა და მოძველებულზე, სამუდამოდ გავაჩერეთ ის ავტომანქანები, რომლებიც წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება, რომლებითაც 20 პატიმრის ნაცვლად, 50 გადაჰყავდათ. ახლად შეძენილი ავტომობილები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და მსჯავრდებულების უსაფრთხო, ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს. განახლებულია საბადრაგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის ფორმები და აღჭურვილობაც“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრმა ჟურნალისტებს ავტომობილები პირადად დაათვალიერებინა და მათ ახალი საბადრაგო სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულება და ფუნქციები დეტალურად განუმარტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები