მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა თბილისის მერიაში შეხვედრა გამართეს.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქსა და მის შემოგარენში მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის თემაზე იმსჯელეს. ირაკლი ლეკვინაძემ და ბიძინა გიორგობიანმა დამსწრეებს ამ პრობლემის წინააღმდეგ სამსახურის მიერ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების გეგმა გააცნეს.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოება, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები თუ ორგანიზაციები სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახური დედაქალაქში ხეების ხმობის წინააღმდეგ ახორციელებს. „ეს არის რამდენიმე ეტაპიანი პროცესი, ახლა მიმდინარეობს გამხმარი ხეების მონიშვნა, შემდეგ ეტაპზე, როცა დაიწყება უკვე მონიშნული 5400 ძირი ხის მოჭრის მასშტაბური სამუშაოები, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რატომ იჭრება ეს ხეები და როგორია მათი ჩანაცვლების კონკრეტული გეგმა. დღევანდელი შეხვედრაც ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გავმართეთ“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ვრცლად ისაუბრა მწვანე ნარგავების მასობრივი ხმობის შესაჩერებლად და მავნებელ დაავადებათა შემდგომში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
„მესმის რამდენად მწვავეა აღნიშნული პრობლემა და რამდენად დიდია საზოგადოების ინტერესი იმ აქტივობების მიმართ, რომელსაც ხეების ხმობის შესაჩერებლად ჩვენი სამსახური ახორციელებს. სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები, მონიშნული ხეების მოჭრა 1 აგვისტოდან დაიწყება, ოქტომბრიდან კი ზეხმელი ხეებისგან გამონთავისეუფლებული ადგილები კლიმატური ცვლილებებისა თუ ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული ჯიშის ხე-მცენარეებით განაშენიანდება – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქში მცენარეთა დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას ქალაქის მასშტაბით.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, მეტყევეობის გერმანელი კონსულტანტი, CIM-ის ექსპერტი, ვალტერ ბენეკენდორფი და ასევე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.