ირაკლი ლექვინაძე ბოდიშს იხდის

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გადაცემა „რეაქციაზე“ გაკეთებული განცხადების გამო ინგა გრიგოლიას საჯარო ბოდიშს უხდის. როგორც ლექვინაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მის პირად შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან სახელმწიფო უწყების პოზიციასთან. მერის მოადგილე ინგა გრიგოლიას რამდენიმე კითხვიტაც მიმართავს.

„ინგა გრიგოლიას გადაცემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო რიგითი მოქალაქის და არა თანამდებობის პირის.
ვფიქრობ, მე, როგორც მოქალაქეს მაქვს უფლება მქონდეს ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ გადაცემის მიმართ, ისევე როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება შეაფასოს თანამდებობის პირის ან რომელიმე უწყების მუშაობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროდ ვთვლი, ბოდიში მოვიხადო სწორედ როგორც თანამდებობის პირმა.
ჩემ პირად შეფასებას, რომელიც შესაძლოა გამოხატავადეს სხვა არაერთი მოქალაქის პოზიციასაც, არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან სახელმწიფო უწყების პოზიციასთან და ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა.
ქალბატონ ინგას კი გულწრფელად და საჯაროდ მინდა დავუსვა ორი შეკითხვა და მისგანაც ველოდები გულწრფელ პასუხებს.
ქალბატონო ინგა, 1. რამდენად გულწრფელი ხართ, როგორც ჟურნალისტი და როგორც წამყვანი გადაცემის მომზადებისას? 2. დღესაც ისეთივე გულწრფელი ხართ ჟურნალისტიკაში, როგორიც იყავით პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ, „ქრისტიან-დემოკრატიული“ (ქდმ) პარტიის წევრობისას?
ვწუხვარ, რომ ჩემ გულწრფელ შეფასებას მისი მხრიდან მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და აღქმული იქნა მედიაზეა ზეწოლად, რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა და უფრო მეტიც, უსამართლო.
მე პირადად ვარ ორი გაზეთის და ბიზნეს პორტალის დამფუძნებელი. ასევე, წლების განმავლობაში ვმუშაობდი მედიაში სხვადასხსვა პოზიციებზე. შესაბამისად, ვიცი და ძალიან ვაფასებ ობიექტურ ჟურნალისტიკას, ჟურნალისტის პროფესიას და გამოხატვის თავისუფლებას. ვთვლი, რომ დღეს მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლების ხარისხი მაღალია და ამაზე მეტყველებენ თავად ინგა გრიგოლიას და მისი სხვა კოლეგების გადაცემები.
P.S. განსხვავებით ქალბატონი ინგასგან, ჩემ შეფასებებში არ ყოფილა პიროვნების შეურაცხმყოფელი არც ერთი სიტყვა. რა თქმა უნდა, ამას არც ვიკადრებ. ასევე არ ვაპირებ საჯარო დისკუსიებს ამ თემაზე“, – წერს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გადაცემა „რეაქციაზე“ საკუთარი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. „იმედია, ეს სეზონის კი არა, ბოლო “რეაქცია” იქნება :)“.
ლექვინაძის აღნიშნული პოსტი ყურადღების გარეშე თავად წამყვანსაც არ დაუტოვებია და ვრცელი პოსტით უპასუხა: „ეს ჩვენი დედაქალაქის ვიცე-მერის სტატუსია. თურმე ოცნებობს, რომ “რეაქცია” დაიხუროს… ასეთი ღიად ოცნებობდეს ჩინოვნიკი, რომ გადაცემა დაიხუროს, პირველად ვნახე… ხო, მართლა… ჩემი გადაცემის დახურვაზე ოცნებას საკუთარ მერიაში რაც ხდება, იქნებ ის აკონტროლოს ვიცემ. … ისე, რა საოცარი დამთხვევაა…ხვალინდელ “იმედის კვირაში” მერიის თემაზე ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული და ეტყობა ვიცეს გულმა უგრძნო. ამას აშკარად დაავიწყდა, რომ ჩინოვნიკია… ბოლო-ბოლო, ვინაა მერიის პრეს-ცენტრი, ხომ არ იცით??? მინდა დავურეკო და საქმის კურსში ჩავაყენო, რომ ამ მეოცნებე ჩინოვნიკს შეახსენონ თანამდებობის პირი როა … ეს რა კოკროჭინად მეოცნებე კაცი გვყოლია”, – დაწერა გრიგოლიამ.

17 ივლისის „რეაქციაში“ კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები