გიორგი ალიბეგაშვილი ,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის” საზეიმო გახსნას დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატები- ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია ,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენა თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით დაფუძნდა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საკრებულო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ყოველთვის გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალია. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი შვილები არიან, შესაბამისად, საკრებულო და მერია ყოველთვის გვერდით დაუდგება და მხარს დაუჭერს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ პარასპორტის განვითარების ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქეთევან ჯოხაძის თქმით, შშმ პირთათვის საკუთარი ბაზის არსებობა კიდევ უფრო განავითარებს მათ შესაძლებლობებს.
,აღნიშნული კომპლექსი ერთადერთია ამიერკავკასიაში და სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი მის დაფუძნებაში. თბილისის საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ააიპ ,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა მალხაზ მესხმა გახსნეს. შენობის დათვალიერების შემდეგ სტუმრებისათვის საპრეზენტაციო ფილმის ჩვენება მოეწყო, მოგვიანებით კი შშმ პირების გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე სხვადასხვა სამინისტროებისა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.