„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს, არცერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ერთობლივად ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 14 ივლისს, გლდანში საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართულის აფეთქების შემდეგ, კომპანიაში მოსახლეობის ზარებმა იმატა.
14 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით კი,პს “ყაზრტანსგაზ-თბილისის” ცნობით, 1 100 ზე მეტი განაცხადია შემოსული.
“აღნიშნულის გამო, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს. ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ჩატარებული ე.წ. ექსპერიმენტი, არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას და პირიქით, შეცდომაში შეჰყავს საკუთარი აუდიტორია. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაზის დანადგარებისა და მილების დაზიანების, აგრეთვე ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჩვენს შესაბამის სამსახურებს, საავარიო-სადისპეტჩერო სამსახური (ტელ. 114) – 24 საათის განმავლობაში, „ცხელი ხაზი“ (ტელ. 2-40-40-04) – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 18.00 საათამდე. საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები თავის აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან. რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დაფიქსირებულ გამოძახებას, შექმნილ სიტუაციაში, მკვეთრად მომატებული გამოძახებების ფონზე, საავარიო სამსახური ობიექტზე მივიდა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.