ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო.
ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. მშენებლობის ადგილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა და სასტუმროს მესაკუთრე კომპანია “კაპიტოლ ჰოლდინგის” ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. “ეს არის პირველი ბრენდირებული სასტუმრო ქუთაისში. ეს არის 3 მილიონ დოლარიანი პროექტი და პარტნიორ კომპანიას აქვს გამიზნული, რომ 2020 წლისთვის12 რეგიონში გააკეთოს მსგავსი სასტუმროები, რაც არის მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპარტნიორო ფონდის დახმარებით ხორციელდება ასეთი პროექტები. ეს მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება და ქუთაისს ექნება ახალი თანამედროვე სასტუმრო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, ექნება 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
საპარტნიორო ფონდის პარტნიორი აღნიშნულ პროექტში „კაპიტოლ ჰოლდინგია.“ პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს დეველოპმენტს განახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები