დავით ნარმანიამ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპლექსი თბილისის მერიის დაფინანსებით გაიხსნა, ინიციატივა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის.

დავით ნარმანიამ, შეკრებილ სახზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მისი განცხადებით, არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩისა და მისი სახელობის მონუმენტის გახსნა ქართველი და აფხაზის ხალხის ურთიერთობის სიმბოლოა.

„არზაყან ემუხვარი იყო შესანიშნავი დამსახურების მქონე ადამიანი, პატრიოტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავისებური დიდი კვალი დატოვა. დიდი საქმე გააკეთა აფხაზეთში და სწორედ ამიტომ ამ ადგილს, ამ ქუჩას ეწოდა მისი სახელი და გაიხსნა მისი სახელობის მონუმენტი, რაც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის სიმბოლოა, რაც არის სიმბოლო იმისა, რომ ასეთი გმირი ადამიანები ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და მოვიგონოთ. როგორც კი აფხაზეთის მთავრობიდან თბილისის მერიაში შესაბამისი წინადადება შემოვიდა ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილეთ ის და მივეცით შესაბამისი მსვლელობა. მეამაყება, რომ ჩვენი მოკრძალებული წვრილი შევიტანეთ ამ საქმეში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართეს.

მათ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არზაყან ემუხვარის მიერ შეტანილ წვრილზე ისაუბრეს.

„არზაყან ემუხვარი ერთ-ერთი ის პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში მონაწილებდა . მან თავისი ხელმოწერა დატოვა იმ დამოუკიდებლობის აქტზე , რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, ამიტომ მადლობა ყველას ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო. ბატონ პრემიერს, ბატონ მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა ძალიან ბევრს ადამიანს“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მონუმენტის გახსნას არზაყან ემუხვარის შთამომავლებიც დაესწრნენ.

„დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მონაწილება მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან არზაყან ემუხვარს ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ქართულ აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. მე ვამყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ“,- განაცხადა არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

არზაყან ემუხვარის მემორიალური კომპოზიციის ავტორი აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები