“პოზიცია” ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვართან” არსებულ მდგომარეობას “სააკაშვილის უგუნურ პოლიტიკას” უკავშირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მიიჩნევს, რომ ის მდგომარეობა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლებით არის შექმნილი, პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა ისაუბრა.
„პოზიციას“ მიაჩნია, რომ ის მდგომარეობა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლებით არის შექმნილი, პირდაპირ კავშირშია წინა ხელისუფლების და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ უგუნურ პოლიტიკასთან, რადგანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თვით რუსეთის ფერედერაციის მიერაც კი აღიარებული იყო საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებად, ხოლო სააკაშვილის პროვოკაციული და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში გადაიზარდა, დღეს სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული ორი ძირძველი ქართული რეგიონის არსებობა”, – განაცხადა ადამაშვილმა.
მისივე განმარტებით ოპზიციური პარტიის მხრიდან დღეს აღნიშნულ თემაზე საუბარი პროვოკაციულია. “ის, რა აჟიოტაჟიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ შექმნილი აღნიშნული თემის გარშემო, პირდაპირ ასხამს წყალს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე და აშკარა პროვოკაციის სუნი ასდის.
გვინდა შევახსენოთ ანდრო ბარნოვს და სხვებს, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, სამაჩაბლოს, დიდი ლიახვის ხეობის სოფლების, შიდა ქართლის და ახალგორის რაიონის მოსახლეობამ ძალიან მწარედ, ზოგიერთმა ოჯახმა ადამიანური მსხვერპლის გაღებითაც კი, ერთხელ უკვე იწვნია „ნაცმოძრაობის“ „ბრძნული“ პოლიტიკის შედეგები, რამაც, რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, მამა-პაპისეულ ფუძეს ათასობით ოჯახი მოსწყვიტა და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია”, – მიიჩნევს ადამაშვილი. ამასთან, „პოზიცია“ ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღმნიშვნელი ბანერების შუაგულ ქართლში აღმართვა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები, რაც არა პრობლემების მოგვარებას, არამედ დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება. ის, რომ სამშვიდობო ფორმატს ალტერნიტავა არ აქვს, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გაეროს გენერალურმა მდივანმა მისი, ყველა მხარისადმი მოწოდებით, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში და ვითარების განმუხტვის მიზნით, იგი მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები