საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვეს – ვიდეო

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს იმის შესახებ შეატყობინეს, რომ ე.წ „მოცეკვავე შადრევნებთან“ იმყოფებოდნენ 12 წლის გოგონები, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობდნენ, ტიროდნენ და სავარაუდოდ დაკარგულები იყვნენ.
პატრულ-ინსპექტორები შეხვდნენ მოზარდებს, რომლებმაც მხოლოდ იმის თქმა შეძლეს რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები.
ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს.
საქართველოში სტუმრად მყოფი ანსამბლის ხელმძღვანელმა და სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ქართველ სამართალდამცველებს დაკარგული მოზარდების პოვნისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები