„ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვასთან არ უნდა აშენდეს“ – არქიტექტორი იდეის ნაკლოვან მხარეებს განმარტავს
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი თბილისის ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსების იდეას არ იზიარებს და აღნიშნული გეგმის ნაკლოვან მხარეებზე საუბრობს. არქიტექტორმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ზოოპარკის ტიპის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ზოოპარკი არა ვოლიერებიანი, არამედ ლანდშაფტური უნდა იყოს.
„ზოოპარკის დატბორვა სრულიად მოსალოდნელი იყო, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ვარაზისხევის ქვეშ გამავალი გვირაბი, რომელიც მდინარე ვერეს წყლებს ატარებს, ვერ ატარებს ნაშალს, იმ უამრავ ხე- ტყეს, რომელიც ამ დროს მოდის. ამან გაჭედა ადრეც და ახლაც. ამ გვირაბის მიმართ განსაკუთრებული ღონისძიებებია დასასახი.
რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, ზოოპარკის გადატანა აუცილებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისინი ვეღარ ეტევიან თავიანთ საზღვრებში, მეორე ის, რომ შესაძლოა, საფრთხე კიდევ არსებობდეს და მესამე -აუცილებელია ეს ადგილი სარეკრეაციო ზონად გადაიქცეს. ჩემი აზრით, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ახალი ზოოპარკის აშენება თბილისის საზღვრებში მოხდეს. ის შეიძლება იყოს თბილისთან ახლოს, ქალაქგარეთ, მაგრამ ეპოქამ დააყენა ერთი პირობა, ვოლიერების ზოოპარკის დრო მოკვდა, ის უნდა იყოს ლანდშაფტში, ზონებად დაყოფილი. მოწინავე ქვეყნებში ეს უკვე აპრობირებულია და ვოლიერებიან ზოოპარკებს აღარ აკეთებენ. საცოდაობაა ცხოველების მიმართ ვოლიერები“,- აღნიშნა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის განცხადებით, თბილისის ზღვის ტერიტორია აეროპორტისთვისაა საუკეთესო, ზოოპარკი კი ქალაქის გარეთ უნდა გაშენდეს.
„ რაც შეეხება მომავალი ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებას, სრულიად არ ვეთანხმები. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ეს ტერიტორია ზოოპარკისთვის არ ვარგა. თბილისის ზღვის გრძივი ღერძი ერთი- ერთზე ემთხვევა თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკს. ეს არის საუკეთესო შემთხვევა.
საერთოდ, ცდილობენ, რომ იქ, სადაც წყლის დიდი აკვატორიაა, ჰაერის დინება კი ხელს უწყობს და აფრენა-დაფრენა ჰაერის დინების საწინააღმდეგოდ ხდება და ის ემთხვევა აკვატორიის მიმართულებას, ეს აირჩიონ საუკეთესო ადგილად აეროპორტის ასაშენებლად.
ასაფრენი ბილიკიდან ადგილი ძალიან მოკლეა, თვითმფრინავი ჯერ არ არის ასული თავის კრეისერულ სიმაღლეზე, სადაც ყველაზე ძლიერად საწყის ფაზაზე მაქსიმალური ბრუნვებით მუშაობს ძრავა და ხმაურის კოეფიციენტი ყოველგვარ დასაშვებ ნორმებს აღემატება. ამიტომაც ცდილობენ, აეროპორტები ქალაქს მოაშორონ ხოლმე, რომ მაშინ, როცა ის ქალაქის თავზე გადავა, თითქმის მაქსიმალური სიმაღლე იყოს აღებული და ეს ხმაური ნაკლებად ვრცელდებოდეს. ცხოველები საოცრად რეაგირებენ ხმაურზე და მათი დაფრთხობა ხდება.
თბილისის ზღვის ზეგანი ქარიანია. ეს მომენტები გასათვალისწინებელია. ამდენად, მგონია, რომ მაინცდამაინც იმის თქმა, რომ ზოოპარკი აუცილებლად თბილისში უნდა ავაშენოთ, არ არის სწორი, შესაძლებელია თბილისთან ახლოს მოვძებნოთ ტერიტორია და სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი ტერიტორია იყოს არჩეული“,- განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.