შსს-ს მიერ მხილებულები „ჯეოსელის“, „მაგთიკომის“ და „ბილაინის“ ზარებს აყალბებდნენ (ვიდეო)

კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს საქართველოს მოქალაქეს კი ბრალი წარედგინა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შერიფ ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ბრალი წაუყენეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შერიფ ბ-მ და გიორგი ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა,

ბრალდებულები ათავსებდნენ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ბილაინის“ სიმ-ბარათებს. სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს – ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, შერიფ ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები. პოლიციამ თბილისში, გიორგი ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები