პრეზიდენტმა შს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს რეფორმა არის ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონე, რაც დროულად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს ორჯერ გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა კოჟორიძემ.