ლიტვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
სამინისტრო თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალზე და ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს ბანერების აღმართვას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა.
„ეს უკანონო ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარის მცხოვრებლებს, აზიანებს საერთაშორისო ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის და ნეგატიური გავლენა აქვს უსაფრთხოებაზე მთელს რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ. შეასრულოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის უკანონო ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენას და მომავალში გაართულებს სრულფასოვანი დიალოგის განახლებას რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის”, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები