სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული გიორგი ლ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი – 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ლ. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თამბაქოს ნაწარმის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადატანას ცდილობდა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.