ვეტერანებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემის აქცია სამ დღეში დასრულდება

    საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობების გაცემა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის მიმდინარე აქციით სულ 6273–მა მოქალაქემ ისარგებლა.
რაც შეეხება სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემის აქციას, სამ დღეში დასრულდება. სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ისარგებლონ კუთვნილი შეღავათით. სააგენტოს თავმჯდომარის ლევან სამადაშვილის განცხადებით, ყველა ვეტერანს, გარდაცვლილი ვეტერანების მეუღლეებსა და შრომისუუნარო, ოჯახის სრულწლოვან წევრებს, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ აუღიათ, აქცია საშუალებას აძლევს, დოკუმენტი სრულიად უფასოდ მიიღონ.
აქციის ფარგლებში ყველა მათგანი თავისუფლდება როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან, რაც, საერთო ჯამში, 34 ლარს შეადგენს. აქციებში მონაწილეობის მსურველებმა თბილისში შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო), ვაჟა-ფშველას №1, (ეროვნული არქივი), აღმაშენებლის გამზირი 89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან). მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს. დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.
მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს, პედაგოგებს, 17-დან 22 წლამდე მოქალაქეებს და პრობაციონერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები