რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, მომავალი კვირიდან გაამკაცროს,- განცხადება პოლონეთის პრემიერმა გააკეთა. დონალდ ტუსკის თქმით, საკითხი ბრიუსელში განიხილეს და შეთანხმებამდე მივიდნენ. მან ყირიმში მიღებულ დეკლარაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთი არ აღიარებს დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ჟოზე მანუელ ბაროზოს თქმით, ევროკომისია მომავალ კვირას ეკროკავშირის უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ პროექტს წარუდგენს. დახმარების სახით კიევისთვის მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი. უკრაინასთან პარტნიორობის გაფართოებას გეგმავს ნატო, – ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა. ამ საკითხზე ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს ესაუბრა.
“ალიანსი ქვეყანას თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცებაში დაეხმარება, რაც ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გულისხმობს”,- განაცხადა ბრიდლავმა.