გიგლა აგულაშვილი: ვერეს ჭალაში გმირთა მოედნის ჩათვლით არაფერი არ უნდა აშენდეს

ახალაშენებული გვირაბები რომ არ ყოფილიყო, სვანიძის ქუჩა მაინც დაიტბორებოდა, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
მინისტრის მტკიცებით, გმირთა მოედანზეც გარდაუვალი იქნებოდა საფრთხე, რადგან იქ გვირაბის ყელი ვიწროა და ჩახერგვის შემთხვევაში, იქაც დაგუბდებოდა წყალი.
„რომელიმე ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ვერეს დამანგრეველი შედეგები, თამარაშვილზე გვირაბს კი არა, თაღოვან ან დიდბიჯიან ხიდს დადგამდნენ და მდინარე დაუბრუნდებოდა, გაივლიდა. ხეობაში მოკლევადიანი პერსპექტივის ფარგლებში დავაყენეთ ნალექმზომი და წყალმზომი, ვზრუნავთ წყალგამტარი ბარიერების აშენებაზეც. ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ჩალის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. კერძო მესაკუთრეებმა მიიღეს უგუნური გადაწყვეტილება და გააჩაღეს მშენებლობები“, – აღნიშნა მინისტრმა.
აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს.
„ეს ტერიტორია მდინარემ მოიპოვა თავისი არსებობისთვის და არ დათმობს. ამ ხეობაში რაც იყო, იმ სახლების აღდგენაც არ შეიძლება, არათუ ახლების აშენება. მისი ნაწილი წყალში მოექცა. გონივრულობაზე არ მეტყველებს, როდესაც კერძო ბიზნესი ასეთი ტიპის რისკებს ეწევა. თბილისის გარშემოც უამრავი ადგილია, სადაც ადამიანები ბრიყვულად ითვისებენ სარისკო არეალს. ამ რისკებისგან სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს მოქალაქეები და აუკრძალოს უგუნური ქმედება. სჯობს დღეს გავწიოთ ხარჯები, ვიდრე ხვალ კატასტროფის სალიკვიდაციოდ ასჯერ მეტის გადახდამ მოგვიწიოს. იცით, 24 საათის განმავლობაში რა პირობებში მუშაობენ ჩვენი სინოპტიკოსები?!
საკუთარი ერთი რადარიც კი არა გვაქვს! არადა, მთაგორიან ქვეყანაში, სულ ცოტა, ორი მაინც უნდა გვქონდეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთში რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ. არც სატელიტი გვაქვს, არც ზონდები. დაკვირვების 400-ზე მეტი სადგური გვქონდა, აღარაფერია მათგან. წინა ხელისუფლების პერიოდში იგნორირებული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო. ფუნქციებიც კი წაართვეს, მონიტორინგის ფუნქციები ენერგეტიკის სამინისტროს გადასცეს“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები