რატომ ახდენს ქართული სასამართლოს დისკრედიტაციას ნათია ჯანაშია – აფბას მონიტორინგის სამსახურის განმარტება
“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავას, რომელიც მინორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშიამ (30%) ინვესტორის „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (70%) წინააღმდეგ წამოიწყო, საერთაშორისო სამართლებრივი შანტაჟის ნიშნები აქვს შეძენილი. იკვეთება ნათია ჯანაშიას სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, იგი სავარაუდოდ, საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობის გადაფარვას და იმავდროულად პარტნიორებზე უპირატესობის მოპოვებას საქართველოს სასამართლო სისტემის ტოტალური დისკრედიტაციის ხარჯზე გეგმავდა და გეგმავს. დავისთვის პოლიტიკური კონტექსტის მიცემაც ამ სტრატეგიის ორგანული ნაწილია” – აცხადებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას მონიტორინგის სამსახურში. აფბა ბოლო რამდენიმე თვეა, აღნიშნული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
აფბაში ამბობენ, რომ, როგორც სარჩელიდან მოპოვებული კონკრეტული ამონარიდებით დასტურდება, ჯანაშია პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როცა მტკიცებით ფორმაში წერს, რომ “საქართველოს სასამართლოები შემჩნეულები არიან კორუფციულ საქმიანობაში”, ხოლო ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება “კორუმპირებული და ოლიგარქიული რეჟიმია, რომელმაც ევროპული გზიდან რუსეთისკენ გადაუხვია“.
ამასთან, ლონდონში შეტანილი სარჩელის ანუ კონკრეტულ საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი მოსამართლეების მიზანმიმართული შანტაჟის სახე აქვს იმ ფაქტს, რომ სარჩელში პერსონალურად არიან დასახელებულნი ქართველი მოსამართლეები – არჩილ კოჭლამაზაშვილი (უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი) და ლაშა თავართქილაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე), რომელთაც ნათია ჯანაშია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აკავშირებს საერთაშორისო დონეზე დასანქცირებულ ფიგურებთან: “მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ… საქართველოში საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს” – ამბობს ჯანაშია სარჩელში და ამით ცდილობს, ხსენებული მოსამართლეები უცხოური სახელმწიფოების მხრიდან სანქცირების საფრთხის ქვეშ დააყენოს და ამ გზით მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს”, – მიაჩნიათ აფბა-ში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, იმავე სარჩელის მიხედვით, ნათია ჯანაშია ადანაშაულებს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრს, რომ მათ გააყალბეს და ბათილი კრების ოქმის საფუძველზე უკანონოდ გადააყენეს იგი დირექტორის პოზიციიდან…
“ისმის კითხვა – რისთვის სჭირდება ეს ყოველივე ნათია ჯანაშიას. ხომ არ არის მსგავსი უარგუმენტო, თუმცა ხმაურიანი განცხადებები რაიმე კონკრეტულის გადაფარვის მცდელობა მისი მხრიდან? ჩვენმა მონიტორებმა მოკვლევა ამ მიმართულებითაც გააღრმავეს და საინტერესო მიგნებამაც არ დააყოვნა – კერძოდ, აღმოჩნდა, რომ შესაძლოა,ნათია ჯანაშიას მხარეს ლონდონში ქართული მართლმსაჯულების ასეთი აგრესიული დისკრედიტაცია კონკრეტული ფინანსური დანაშაულის თაობაზე მიმდინარე გამოძიების გადასაფარად ჰქონდეს წამოწყებული.
კონკრეტულ დანაშაულს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს (სისხლის სამართლის გამოძიება – საქმე #092060925001) და იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართულიაკადემიის“ კუთვნილი თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიება მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს)”, – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.