გიორგი სვანიძე: ვულოცავ ფოლკლორულ ანსამბლ „ორბელს“ 15 წლის იუბილეს
ბოლნისის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლ „ორბელის“ 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
გიორგი სვანიძემ ანსამბლ „ორბელს“ იუბილე მიულოცა, ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
‘‘ვულოცავ ფოლკლორულ ანსამბლ „ორბელს“ 15 წლის იუბილეს. ანსამბლი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურება ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას .
განსაკუთრებული მადლობა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით შეიქმნა „ორბელი“ და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. ასევე დიდი მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელებსა და თითოეულ წევრს თავდადებული შრომისთვის.
ძალიან თბილი და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა. მადლობა კულტურის ცენტრსა და მუნიციპალიტეტის მერიას საიუბილეო საღამოს ორგანიზებისთვის.’’-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი „ორბელი“ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა. შესრულდა სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და საეკლესიო გალობის ნიმუშები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლები „სიონი“ და „ბოლნელა“.
ანსამბლი „ორბელი“ მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა და დღეს ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.