„ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნით,“ნაციონალებმა“ ფიცი დადეს, რომ არსად გავიდოდა დეტალური ინფორმაცია“

გაზეთი “კვირის ქრონიკა“ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის კიევში გამართული შეხვედრის კულუარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე დაპირისპირება და ჩხუბი მოხდა.
„კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნით, “ნაციონალებმა“ ფიცი დადეს, რომ გარდა ზოგადი ფრაზებისა, დეტალური ინფორმაცია არსად გავიდოდა.
„კიევში „ნაციონალების“ თავყრილობაზე, როგორც წყარო აცხადებს, იყო ჩხუბიც და დაპირისპირებაც – გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას კანდიდატი იმთავითვე იყო სერგო რატიანი, ხოლო სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ნუგზარ წიკლაურის, კაკო ბობოხიძისა და სხვების კანდიდატურა – გიორგი ვაშაძე. როგორც ინკოგნიტო წყარო „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, სერგო რატიანის არჩევით მამალმა „ნაცებმა“ მიშას სურვილი არ გაითვალისწინეს და ამიტომ არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში მამა-მარჩენალმა ყველას „აბაროტი“ აუღოს და „ნაცპარტია“ საერთოდ დაიკიდოს: „მიშას რომ კარგა ხანია უნდა ბოკერიას ჩამოშორება, ეს არ არის ახალი, მაგრამ კიევში შეხვედრისას საკითხი უფრო მწვავედ დადგა. რატიანი, ბოკერია და უგულავა ერთი „შაიკაა“, გამოდის, ამ ფრთამ გაიმარჯვა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეორე ფრთიდან უარყოფითი რეაქცია. მართლა, ამ ეტაპზე ე.წ. არჩევნები თითქოს მშვიდობიანად ჩაატარეს, თანაც ორ ტურად, მაგრამ დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყება. ისე, სადღაც სიმართლეს ამბობს ბარამიძე, ყველა ფრონტზე უნდა გავიმარჯვოთო.
კიდევ რა საკითხზე შეიძლებოდა, გეგმები დაელაგებინათ „ნაციონალებს“ კიევში? ამაზე პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი გვპასუხობს ნიშნისმოგებით, რომ ამიერიდან ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ და ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ხელისუფლებაში მათი დაბრუნება იქნება. ისევ ნეტარ არიან მორწმუნენი.
ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა კიევში შეხვედრის დროს გული ბიძინა ივანიშვილის ლანძღვითაც მოიოხა: „რუსი ოლიგარქი“, „გაუნათლებელი და ტლუ“. „კრეტინი და იდიოტი“, „გამყიდველი და ცრუპენტელა“, „ქართველი ხალხის გადამგდები“ – აი, ის ტერმინოლოგია, რომლითაც თურმე სააკაშვილი იხსენიებს ივანიშვილს. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ის მაინც დაბრუნდება ხელისუფლებაში და „ფულის ტომარა ივანიშვილი“ ვერსად დაემალება, ისე გაუხდის საქმეს, საქართველოდან გასაქცევი ფული აღარ ექნება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს და მის სიმამრს, „ერთ საკანში მოუწევთ ყოფნა კარგა ხანს“. იგივე ინკოგნიტო წყაროს ცნობით, „ნაციონალებმა“ ფიცი დადეს, რომ გარდა ზოგადი ფრაზებისა, არსად გავიდოდა დეტალური ინფორმაცია. ეს ზურაბ ადეიშვილის იდეა ყოფილა, რადგან, მისი აზრით, დახურული და მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა უფრო შთამბეჭდავია“, – წერს „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები