განაში წყალდიდობას, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
განის დედაქალაქ აკრასა და მის შემოგარენში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სამსახურები იუწყებიან.
ძლიერმა ნალექმა ქუჩებისა და საცხოვრებელი უბნების დატბორვა გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა.
სამაშველო ჯგუფები დაზარალებულთა დახმარებასა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის გამო ასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. მეტეოროლოგები მოსახლეობას ახალი ძლიერი ნალექების შესახებ აფრთხილებენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.