„ნაციონალებმა“ ფინანსური ტრანზაქცია მხოლოდ „რუსთავი 2“-ში განახორციელეს

   კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 იანვარს გაასაჯაროვა იმ პირთა სია, რომლებმაც 2013 წლის მეოთხე კვარტალში მაუწყებლებში 7 ათას ლარზე მეტი ოდენობის ტრანზაქცია განახორციელეს. ტელეკომპანია „TV3“-ში 2013 წლის მეოთხე კვარტალში 7 ათას ლარზე მეტი სავაჭრო – სამრეწველო პალატამ და პალატის მფლობელობაში არსებულმა კომპანია შპს „საქექსპერტიზამ“ გადარიცხა. თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის მითითებული, რა მომსახურებისთვის. მაუწყებლების მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, „TV3“-ში 7 ათას ლარზე მეტი გადარიცხა შპს „ტელეკომპანია პიკმაც“, რომლის სიხშირეზეც 14 საათის განმავლობაში „TV3“ მაუწყებლობს. დანარჩენი დროს კი სხვა პროდუქციას უშვებს ეთერში. „TV3“-ის დირექტორის გრიგოლ ბაიბურთის განცხადებით, „პიკი“ მათგან მხატვრულ ფილმებს ყიდულობს, რის სანაცვლოდაც ყოველთვიურად დაახლოებით 5 ათასი ლარს იხდის. საერთო ჯამში, 7 ათას ლარზე მეტი ტრანზაქცია კომპანიებმა 31 მაუწყებელში განახორციელეს. მესამე კვარტალში ეს რაოდენობა 39-ს შეადგენდა. ორივე პერიოდში ამ სიაში ერთი და იგივე მაუწყებლები მოხვდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტლისგან განსხვავებით ფინანსური ანგარიშების ფორმა არ შეუვსიათ „პირველ რადიოს“, „ჰერეთს“, „მწვანე ტალღას“, „GDS TV“-ს, „ტელეარხი 25“-ს და „ტელეკომპანია პიკს“. მეოთხე კვარტალში იმ მაუწყებლებს, სადაც 7 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა გადარიცხეს, მედიაკავშირი „ობიექტივიც“ დაემტა. ამ რაოდენობის ტრანზაქცია აქ ფიზიკურმა პირებმა: ირაკლი ცილიკაშვილმა, მამუკა გობეჩიამ, მიხეილ გიორგობიანმა და შპს „პაკსერვისმა“ განახორციელეს. ბოლო საანგარიშო პერიოდს დაემთხვა საარჩევნო პერიოდის ბოლო თვე – ოქტომბერი, შესაბამისად, მაუწყებლებში თანხის გადამრიცხველებს შორის პოლიტიკურ პარტიებს ვხვდებით. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ თითქმის ყველა წამყვან ტელევიზიაში აქვს ფინანსური ტრანზაქცია განხორციელებული, „ქართულმა ოცნებამ“ 7 ათას ლარზე მეტი „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ გადარიცხა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი უპირატესობა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს მიანიჭა. ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას 7 ათას ლარზე მეტი რუსთავის მერიამ გადაურიცხა, „გურჯაანს“ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. დანარჩენი სუბიექტები, ვინც მაუწყებლებში ამ ოდენობის თანხა გადარიცხა, კერძო კომპანიები არიან. კომისიაში წარდგენილი ინფორმაციით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი, 15 მილიონ 200 ათას 492 ლარი შემოსავალი „რუსთავი 2“-მა მიიღო. მეორე ადგილზეა ტელეკომპანია „იმედი“, თუმცა ის კვლავაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება „რუსთავი 2“-ს, მისი შემოსავალი 3 მილიონ 180 ათას 77 ლარი იყო. შემოსავლების მხრივ კვლავაც მესამე ადგილზეა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის შემოსავალმაც მეოთხე კვარტალში 2 მილიონ 524 ათას 4 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები