კულტურის მინისტრი გაიოზ კანდელაკს ჯილდოს “ხელოვნების ქურუმს” გადასცემს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის “ბიგ-ბენდის” დამაარსებელს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს გაიოზ კანდელაკს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დღეს კულტურის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს “ხელოვნების ქურუმს” გადასცემს.
როგორც “კვირას“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გაიოზ კანდელაკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “თბილისის ივენთ ჰოლში” “ბიგ-ბენდის” სოლისტები – მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ზაურ შავგულიძე კონცერტს გამართავენ. შესრულდება უცხოური და ქართული ჰიტები.
გაიოზ კანდელაკი 1945 წელს დაიბადა, დაამთავრა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტი; არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, ასევე საქართველოში პირველი ჯაზკლუბის დამაარსებელი. სხვადასხვა წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის, მეტეხის თეატრის, “მელოდიის”, ფილარმონიისა და კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. 1996 წელს დააარსა თბილისის ბიგ-ბენდი და დღემდე მისი პროდიუსერია.
გაიოზ კანდელაკის ძალისხმევით 1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი სწორედ თბილისში გაიმართა. მოგვიანებით, პირველი როკ-ფესტივალის ორგანიზატორიც გაიოზ კანდელაკი გახლდათ.