იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან 13 706 653 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13 706 653 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოდან ექსპორტირებული 13 706 653 ბოთლი ღვინო, თანხობრივად 39 425 552 აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, წლის განვლილ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი ექსპორტი (3 251 246 ბოთლი) ივნისში დაფიქსირდა.
“რაც შეეხება წინა თვეებს, მონაცემები შემდეგნაირია: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018 ბოთლი; თებერვალში – 1 558 631, მარტში -2 198 535, აპრილში – 2 878 656, მაისში – 2 476 567 ბოთლი”, – აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება ყურძნის ჯიშებს, მათი თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით ადგილწარმოშობის ღვინოებია ექსპორტირებული: “ქინძმარაული” (წითელი ნახევრადტკბილი) – 1 960 717, “მუკუზანი” (წითელი მშრალი) – 637 643 და “წინანდალი” (თეთრი მშრალი) – 432 128 ბოთლი.
და რაც შეეხება ქვეყნებს, სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 23%, იაპონია – 21%, ლატვია – 20%, ესტონეთი – 16%, გერმანია – 5%, აშშ – 28%, კანადა – 159%, აშშ – 61%, ყაზახეთი – 6%, დიდი ბრიტანეთი – 33%, ჰონგ-კონგი – 230% და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 6 555 183, ყაზახეთი – 2 275 722, უკრაინა – 1 257 918, პოლონეთი – 796 076, ჩინეთი – 759 969 ბოთლი.
აღსანიშნავია, რომ არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-63%) და უკრაინაში (-60%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 6 თვის ექსპორტის სტატისტიკაზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ითაა შემცირებული. იანვარში კლების მაჩვენებელი იყო – 87%, თებერვალის მონაცემებით – 71%, მარტის – 67%, აპრილის – 58%, მაისის – 54% .
ასევე, იანვარში ღვინის ექსპორტი სულ 16 ქვეყანაში განხორციელდა, პირველი კვარტლის მონაცემებით – 25, ხოლო ივნისისთვის 33 ქვეყანაში.
რაც შეეხება მონაცემების გასულ წელთან შედარებას, 2015 წლის 6 თვის ექსპორტის მაჩვენებელი (13 165 653 ბოთლი) , გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით, აღემატება.
კერძოდ, 2012 წელს ექსპორტირებული იყო 9 105 787 და 2013 წ. – 11 354 671 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (26 872 145 ბოთლი), რაც განპირობებულია მრავალწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, 2014 წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ბუმისა და პიკური მაჩვენებლით.
ოფიციალური ინფორმაციით, მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 58,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.