ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკა ცისკარიძესთან შეხვედრა გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბალეტის სახელგანთქმულ არტისტს, რუსული საბალეტო აკადემიის რექტორს ნიკა ცისკარიძეს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება მისი სასცენო მოღვაწეობის შემაჯამებელი ფოტოალბომი „ცისკრის ვარსკვლავი“.
ნიკა ცისკარიძე მდიდარი საარქივო ჩანაწერებიდან ჩვენთვის სასურველი სპექტაკლის ჩვენებას გვპირდება და შეკითხვებზე ჩვეული პირდაპირობით გვიპასუხებს. ხელოვანი საჩუქარს უმზადებს ხელოვნების სასახლეს. იგი სახელოვანი თანამემამულის სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილ პრინც დეზირეს კოსტიუმს სპექტაკლისათვის „მძინარე მზეთუნახავი“ ხელოვნების სასახლეს გადასცემს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი ძვირად ღირებული გამოცემა, რომელსაც ბალეტის მოყვარულები და ნიკა ცისკარიძის თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელოდებიან, ფასდაკლებით გაიყიდება. შემოსული თანხა მთლიანად ფონდ „სოლიდარობის“ ანგარიშზე გადაირიცხება. მემუარული ფოტოალბომი საჩუქრად გადაეცემა ყველა მუზეუმსა და ბიბლიოთეკას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.