საქართველოს ელჩი ლიტვაში, სეიმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე ლიტვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ევროკავშირის საბჭოში ლიტვის თავმჯდომარეობის შედეგების განხილვას მიეძღვნა. ხათუნა სალუქვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება საქართველოს ევროპული ინეტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და შეუქცევად ხასიათზე გაამახვილა. ელჩი შეეხო ვილნიუსის სამიტის შედეგებს, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის გამოწვევებსა და მომავლის პერსპექტივებს. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ლიტვის, როგორც საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი და საქართველოს სახელით, მადლობა გადაუხადა ლიტვის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ისტორიული დატვირთვის მატარებელი მოვლენა იყო, რადგან სწორედ ვილნიუსის სამიტის შემდგომ, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ. საპარლამენტო განხილვებში ასევე მონაწილეობდნენ ლიტვის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი, ლიტვის სეიმის სპიკერი ლორეტა გრაუჟინიენე, სეიმის ვიცე-სპიკერები და ლიტვის პარლამენტის სხვა წევრები. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მომხსენებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის შედეგების განხილვასთან დაკავშირებულ ლიტვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები