უკრაინის თემაზე გაეროს მორიგი სხდომა უშედეგოდ დასრულდა
უკრაინის კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ იმსჯელა. თუმცა შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. დახურულ კარს მიღმა საბჭოს წევრები ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხს განიხილავდნენ, რამაც შეხვედრის მონაწილეებს შორის აზრის სხვადასხვაობა გამოიწვია. საფრანგეთის ელჩმა მსგავსი შეკრებების გაგრძელება მოითხოვა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არსენ იაცენიუკის მიწვევის სურვილი გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მალე გაეროს სიტყვით მიმართავს. მოახლოებული რეფერენდუმის მიმართ უარყოფითი პოზიცია აქვს ეუთოსაც, რომელიც მონიტორინგის მიზნით, რეგიონში დამკვირვებლების გაგზავნას არც კი განიხილავს. ორგანიზაციის პრესსპიკერის თქმით, ყირიმს დამკვირვებლების მიწვევის უფლება არ აქვს, რადგან ის რეგიონია და არა სახელმწიფო. “ეუთო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემს. ქვეყანას, რომელიც ორგანიზაციის წევრია, რეფერენდუმზე დასწრების შესახებ არავითარი მოწვევა არ გაუგზავნია”,- ნათქვამია ეუთოს პრესსპიკერის განცხადებაში. სწორედ ყირიმის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე მოვლენები გახდა მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის გადადების მიზეზი. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, ჯონ კერიმ მას კრიზისის მოსაგვარებლად შემუშავებული წინადადებები გააცნო, თუმცა ეს წინადადებები რუსეთის ხელისუფლებისთვის ბოლომდე მისაღები არ არის.