ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამისი ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით, “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, სადაც საკომიტეტო განხილვების დროს დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები პროექტის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის არსებობისათვის საჭირო გახდა სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი რეფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობის განხორციელება და გაიზარდოს საქართველოსა და ევროპის კავშირის ბაზრების თავსებადობა.